
სტატიის ავტორი: ადვოკატი – მირანდა შალამბერიძე ტელ: 555944052
რა არის ქორწინება?
ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
ქორწინებისათვის აუცილებელია, რომ არ არსებობდეს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, დასაქორწინებელი პირები იყვნენ სრულწლოვნები – სულ მცირე 18 წლის და მათ ნებაყოფლობით განაცხადონ თანხმობა ქორწინების შესახებ.
ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები
ქორწინება წყდება: ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით, კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით ან განქორწინებით.
განქორწინება
განქორწინების თაობაზე ორივე მეუღლის შეთანხმებისას, ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვონ განქორწინების რეგისტრაცია. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული სამსახური განიხილავს მათ განცხადებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
თუ ერთ-ერთი მეუღლე განქორწინების წინააღმდეგია, ასეთ შემთხვევაში, განქორწინების მსურველმა მეუღლემ მეორე მეუღლის წინააღმდეგ სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს. თავდაპირველად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. აღნიშნული მიზეზით შესაძლოა გადაიდოს საქმის განხილვა და მეუღლეებს განესაზღვროს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა, მიიღებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ.
განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
განქორწინების აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა აწესებს გამონაკლის შემთხვევას: ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
განქორწინების სამართლებრივი შედეგები
განქორწინებასთან ერთად სასამართლომ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება მეუღლეთა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ – რაც გულისხმობს, რომელ მშობელთან უნდა იცხოვროს ბავშვმა მშობლების განქორწინების შემდეგ; არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე – რაც მოიაზრებს სასამართლოს მიერ ბავშვთან ურთიერთობის დროისა და წესის განსაზღვრას იმ შემთხვევისთვის, როდესაც მისი საცხოვრებელი ადგილი მეორე მშობელთან არის განსაზღვრული; ალიმენტის განსაზღვრის თაობაზე – რაც გულისხმობს არასრულწლოვნის სასარგებლოდ ყოველ თვიური ალიმენტის თანხის დაწესებას იმ მშობლისთვის, რომელთანაც არასრულწლოვანი არ ცხოვრობს; ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის თაობაზე – რაც გულისხმობს მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, იმის მიუხედავად, აღნიშნული ქონება რომელი მეუღლის ფინასური სახსრებით არის შეძენილი ან/და ვის საკუთრებაშია რეგისტრირებული; და ა.შ.
დასკვნა
ქორწინების რეგისტრაციისთვის აუცილებელია ორივე დასაქორწინებელი პირის ნება, ხოლო განქორწინება შესაძლებელია როგორც ორივე მეუღლის თანხმობით, ისე ერთ-ერთი მეუღლის სურვილის შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
სტატიის ავტორი – მირანდა შალამბერიძე
ადვოკატი
ტელ: 555944052
ელ.ფოსტა: info@lawconsult.ge