სტატიის ავტორი: ადვოკატი – მირანდა შალამბერიძე ტელ: 555944052
რა არის ალიმენტი?
ალიმენტი არის არასრულწლოვნისთვის განკუთვნილი ფულადი თანხა, რომელსაც მშობელი უხდის იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი მუდმივად ცხოვრობს. თუ ბავშვი ცხოვრობს დედასთან, ალიმენტის გადახდა ეკისრება მამას, ხოლო თუ ბავშვი ცხოვრობს მამასთან, ალიმენტის გადახდა ეკისრება დედას. ალიმენტის დაკისრება ხდება ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.
ვინ იხდის ალიმენტს?
ალიმენტის გადახდა გარდა მშობლებისა, ასევე შეიძლება დაეკისროს სრულწლოვან და-ძმას, ბებია-ბაბუას, მამინაცვალს ან დედინაცვალს, აგრეთვე შესაძლოა შვილსაც დაეკისროს მშობლების სასარგებლოდ, გერს დედინაცვლის ან/და მამინაცვლის სასარგებლოდ და შვილიშვილს ბებიის ან/და ბაბუის სასარგებლოდ. აგრეთვე, შესაძლებელია ალიმენტის დაკისრება ფაქტობრივი აღმზრდელის მიმართ და ერთ მეუღლეს დაეკისროს მეორე მეუღლის სასარგებლოდ.
განსახილველი სტატიის მიზანია ბავშვის მიმართ ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა, შესაბამისად, მხოლოდ ამ მიმართულებით იქნება მსჯელობა განვითარებული.
როგორ ხდება ალიმენტის დაკისრება?
მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ისინი ალიმენტის ოდენობას თავად, ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავენ. თუ ვერ შეთანხმდებიან მის გადახდაზე ან ოდენობაზე, უნდა მიმართონ სასამართლოს.
სასამართლოში საქმის წარმოება იწყება მშობლის მიერ სარჩელის შეტანით, რომელშიც უნდა მიეთითოს სარჩელის აღმძვრელი მშობლის ფინანსური მდგომარეობა, მეორე მშობლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ბავშვის საჭიროებების შესახებ მონაცემები.
სასამართლო საქმეს განიხილავს შეჯიბრებითობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლო გამოარკვევს თითოეული მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას და ბავშვის საჭიროებებს და აღნიშნულის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ალიმენტის დაკისრების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ალიმენტი არის მხოლოდ ბავშვის რჩენისა და აღზრდის მიზნით გადასახდელი ფულადი თანხა და მისი დანიშნულება არ არის რომელიმე მშობლის სასარგებლოდ მისი გამოყენება.
რამდენია ალიმენტის ოდენობა?
ალიმენტის ზუსტი ოდენობა კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. როგორც აღვნიშნე, მისი ოდენობა გამოითვლება მშობლებისა და შვილის მატერიალური მდგომარეობისა და არასრულწლოვნის საჭიროებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ალიმენტის ზედა ან ქვედა ზღვარი კანონმდებლობით დადგენილი არ არის და მისი განსაზღვრა სასამართლოს მიერ ხორციელდება ყოველი კონკრეტული საქმის განხილვისა და ანალიზის შედეგად.
მშობელს, რომელიც არასრულწლოვან შვილს ალიმენტს უხდის, შეიძლება დაეკისროს დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების ვალდებულება. დამატებითი ხარჯები მოიცავს იმ ხარჯებს, რომელიც არ არის ბავშვის ყოველ დღიური რჩენა-აღზრდით გამოწვეული და მიზნად ისახავს სპეციალური საჭიროებების მიზნით თანხის გადახდისას მშობლისთვის მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასეთი ხარჯები შეიძლება გამოწვეული იყოს მაგ. ბავშვის ავადმყოფობით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება. ცხადია, წინასწარ შეუძლებელია დადგინდეს, თუ როდის შეექმნება ბავშვს ან საერთოდ შეექმნება თუ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები. სასამართლოს მიერ აღნიშნული ხარჯების გაღების დაკისრება ნიშნავს, რომ მშობელი ვალდებულია, დამატებითი ხარჯები აანაზღაუროს.
აქედან გამომდინარე, ალიმენტის თანხაში არ მოიაზრება დამატებითი ხარჯების თანხა და მათი ოდენობის განსაზღვრა და გადახდის დაკისრება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მისი მიზანია ალიმენტის მსგავსად, ბავშვის საჭიროებების უზრუნველყოფა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა.
სტატიის ავტორი – მირანდა შალამბერიძე
ადვოკატი
ტელ: 555944052
ელ.ფოსტა: info@lawconsult.ge